გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, უკანონო 85 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 31 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 139 კგ-ს გადააჭარბა.
ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი - 3 თვეში გამოვლენილია სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 38 და ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა პრიორიტეტია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობის, ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.









