2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი

1591802590
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია:
6-11 ივლისი (პირველი სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
6 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;
12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
14 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა;
15 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა;
16 ივლისი (პირველი სესია) - ბიოლოგია;
17 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
17 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
18 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
18 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
19 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;
19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
20 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
21 ივლისი (პირველი სესია) - ზოგადი უნარები;
21 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
22 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;
22 ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
23 ივლისი (პირველი სესია) - გეოგრაფია;
24 ივლისი (პირველი სესია) - ქიმია;
25 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება;
2020 წლის სამაგისტრო გამოცდები 1-4 აგვისტოს ჩატარდება, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი კი 25 ივლისს.
განათლების სამინისტროს ცნობით, ერთიან ეროვნულ/სამაგისტრო გამოცდებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე) აბიტურიენტი მიიღებს შენიშვნას, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი, მოიხსნება გამოცდიდან. ამასთან, გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერი გამორთული იქნება.
უწყების ინფორმაციითვე, გამოსაცდელებს და მეთვალყურეებს დაუშვებენ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე. ამასთან, საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს (სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია მოიტანოს საკუთარი პირბადე). აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგს.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ასევე შემუშავდა: საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის მუშაობის, თერმოსკრინინგისა და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები. აღნიშნული რეკომენდაციები იხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოცდის ჩაბარების მსურველებს, რომ სიახლეები შეეხება მხოლოდ გამოცდებზე მოქცევის წესებს და არა მათ ფორმატს ან შინაარს. წინა წლების მსგავსად, საგამოცდო ცენტრები იქნება შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში.
საგამოცდო ცენტრებში მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში იმუშავებენ სამედიცინო და პოლიციის პუნქტები. საგამოცდო პროცესი ჩაიწერება ვიდეოკამერებით.
მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირების შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს მომავალში აცნობებს.