გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.
კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 ივლისის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 6189 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
ყველაზე მეტი - 2946 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1242 - ქუთაისში, 1051 - ბათუმში, 950 კი, ქალაქ რუსთავში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 6189 სამართალდამრღვევიდან, 5405 ფიზიკური პირია, ხოლო 784 - იურიდიული პირი.
3837 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2086 - მიკროავტობუსის, 259 - სატვირთო ავტომობილის, 7 კი - ავტობუსის მძღოლების სახელზე შედგა.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა, 20%-ით შეუმცირდება.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის - www.videos.police.ge საშუალებით.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულება დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვეის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემა დაინერგა საწარმოებში. პარალელურად, გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. კომპლექსურად, ყველა ეს მიმართულება, ხელს უწყობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანას.