ბათუმში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის  564 მძღოლი დააჯარიმეს, ხოლო 2023 წლის 4 სექტემბრიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით, 3243 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ. 

„კანონის ამოქმედებიდან დღემდე, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 3243 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა. 
❗ დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 1502 ჯარიმა დაწერეს თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე; 707 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 564 - ბათუმში, 470 კი, ქალაქ რუსთავში. 
3243 საჯარიმო ქვითრიდან 2785 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა; 458 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 1893 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1164 - მიკროავტობუსის, 185 - სატვირთო ავტომობილის, 1 კი,  ავტობუსის მძღოლის სახელზე. 
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამარალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეეძლებათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდებზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის www.videos.police.ge საშუალებით“,-აცხადებენ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.