„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერს, ზურაბ მახარაძეს და მის თანაგუნდელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 - 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ორივე ბრალდებულს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ.
„ორივე ბრალდებულს ბრალდება აქვს წარდგენილი ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობაზე. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და ორივე ბრალდებულს გირაო შეეფარდათ ხუთი ათას - ხუთი ათასი ლარის ოდენობით. მტკიცებულებებს რაც შეეხება, არსებობს მტკიცებულებათა სტანდარტი. ასევე ბრალდებულმა განმარტა, რომ იგი არ აპირებს გირაოს თანხის გადახდას. მას აქვს კონკრეტული 20-დღიანი ვადა და ამ ვადაში უნდა მოახდინოს მის მიმართ გირაოს თანხის გადახდა. ამ ვითარებაში, როცა ჯერ ამ 20-დღიან ვადაში იმყოფება, წინსწრებად კომენტარს ვერ გავაკეთებ, მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ აღსრულდება სასამართლოს გადაწყვეტილება, გატარდება კანონის შესაბამისი მოთხოვნები“, – განაცხადა პროკურორმა, მარიამ ქორიძემ.
დაცვის მხარის თქმით, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას არ ადასტურებს. ადვოკატის განცხადებით, ისინი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„დღევანდელი სასამართლო პროცესი იყო ის ტესტი, რომელიც ჩავარდა. ხედავთ, რამხელა პრობლემაა როგორც სასამართლო სისტემაში, ისე სახელმწიფოში. მოსამართლემ არ გაითვალისწინა არც ერთი პოზიცია, რაც განვაცხადეთ სასამართლო პროცესზე და აბსოლუტურად გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია, რაც მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მიკერძოებულია სასამართლო და ექვემდებარება პროკურატურას. არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს ამ ადამიანების ბრალეულობაზე. ეს არის ბრალდების მხარის წარმოდგენა, რითაც მიმართა დღეს სასამართლოს. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში“, – განაცხადა ადვოკატმა, სერგო ხურციძემ.
როგორც ზურაბ მახარაძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, იგი შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებს და საქმეს პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს.
„ასეთი რაღაცები ამ არჩევნებზეც, წინა არჩევნებზეც და პოლიტიკურ პროცესში იმდენჯერ მომხდარა, რომ ყველა მაგ შემთხვევაზე რომ მართლა სისხლის სასამართლოს საქმე აღეძრათ, ნახევარი საქართველო ციხეში იქნებოდა. ამიტომ, ჩვენ მიმართ რომ შერჩევითი სამართალია, ნებისმიერი ადამიანი სულ რომ ჩვენ აზრზე არ იყოს და ჩვენი საწინააღმდეგო იდეოლოგიის იყოს, მაინც მაგ კადრების ნახვის მერე მიხვდება, რომ არასწორია. ჩვენ პარტიული შეხვედრა გვქონდა. მოგვივარდნენ აქეთ, პროვოკაცია მოაწყვეს და ახლა ჩვენ ვზივართ ბრალდებულის სკამზე. აქედან გამომდინარე, როგორც იმ პროვოკაციას, ისე ამ სასამართლოს განვიხილავთ პოლიტიკური ზეწოლის საშუალებად და არა სამართლებრივ პროცესად. ჩემთვის პრინციპულია, რომ გირაოს არ გადავიხდი. როგორც უნდა სასამართლო სისტემას, და რეალურად, ვინც გასცემს აქ მითითებებს, ანუ „ქართულ ოცნებას“, ისეთი ნაბიჯი გადადგან. გირაოს გადახდას არ ვაპირებ და ვაფასებ ამას, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ფორმას“,- განაცხადა ზურაბ მახარაძემ.




