საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნო.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 11 წლის ბავშვთან, ძალადობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2022 წლის 19 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.