ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ოქროპირიძის მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლოს უფლება. კერძოდ,  არ დარღვეულა საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, არ დარღვეულა მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია. სასამართლოს თქმით, ასევე ვერ დადგინდა ნაფიც მსაჯულთა მიკერძოებულობა და არაობიექტურობა.

საქმე ეხება 2014 წლის 2 სექტემბერს თბილისის ცენტრში მომხდარ მკვლელობას,  რა დროსაც გიორგი ოქროპირიძემ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ლაშა მახარაძე. გიორგი ოქროპირიძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მოსამართლემ 20  წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მომჩივანი დავობდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება).

მსჯავრდადებული მიუთითებდა, რომ საქმე განიხილეს და გადაწყვეტილება მიიღეს  ნაფიცმა მსაჯულებმა, რომლებიც მოექცნენ მედიით ინტენსიურად გავრცელებული ინფორმაციისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებების გავლენის ქვეშ და მტკიცებულებათა გამოკვლევისას დარღვეული იყო პროცესუალური წესი.

სტრასბურგის სასამართლომ არცერთ ნაწილში არ გაიზიარა მომჩივნის პრეტენზიები და დაადგინა, რომ ეროვნულმა სასამართლომ მიიღო ყველა ზომა მსაჯულთა მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

რაც შეეხება მტკიცებულებათა გამოკვლევას სასამართლომ დაადგინა, რომ ამ დროს პროცესუალური წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც ნიშნავს იმას, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს, განხილული იყო პროცესის ყველა წესის დაცვით.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადასტურებს, რომ აღნიშნულ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი სრულ შესაბამისობაში იყო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და სასამართლოს პრაქტიკასთან.

ინფორმაციას საქართველოს  პროკურატურა ავრცელებს.