სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული გამოძიებით, პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 5 ფაქტი გამოავლინა და ქ. თბილისში მცხოვრები 40 წლის მამაკაცი დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.მ-მ, გამიზნულად შექმნა „Facebook“ და „Instagram“ ყალბი ანგარიშები, რომელთა მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 14 წლამდე ასაკის გოგონებს, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკს, ვინაობას, უგზავნიდა პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა.
გამოძიებამ პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის 5 დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა. კერძოდ, ბრალდებული, „Facebook Messenger“-ის ყალბი პროფილის მეშვეობით, თავდაპირველად, ქ. ზუგდიდში მცხოვრებ 14 წლის გოგონას დაუკავშირდა, ხოლო შემდეგ ქ. სენაკში მცხოვრებ ასევე 14 წლის ბავშვს. ბრალდებული დაზარალებულ ბავშვებს პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო მასალას უგზავნიდა და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა, რის შემდეგაც მან არასრულწლოვანი გოგონა იძულებით გააშიშვლა და შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაგზავნა აიძულა.
ბრალდებული ანალოგიური მეთოდებით ასევე დაუკავშირდა გორის რაიონში მცხოვრებ 11 წლის და თბილისში მცხოვრებ 12 წლის გოგონებს, რომელთაც პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას უგზავნიდა და ინტიმურ საკითხებზე ესაუბრებოდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებული ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა.
2025 წლის 1 მაისს, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით, მამაკაცს ბრალდება პედოფილიის, ასევე, გარყვნილი ქმედების 5 ეპიზოდზე წარედგინა.
დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაზარალებულ ბავშვებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულისგან მიყენებული ტრავმის გასაქარწყლებლად სახელმწიფოს ხარჯით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას შესთავაზებს.
საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ. მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა გაანალიზოს საშიშროების ალბათობა და გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება ბავშვის ინტერნეტთან წვდომის დროს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტყობინების გასაკეთებლად ან დახმარების მისაღებად, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე - 199, ან წარმოადგინეთ განცხადება ან პირადად მოდით ჩვენს ოფისებში - თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში ან ელექტრონულ ფოსტაზე. თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია!" - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში