შინაგან საქმეთა სამინისტროს ინნფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემის ფაქტზე ორი პირი - 1986 წელს დაბადებული გ.ა. და 1961 წელს დაბადებულ გ.რ. დააკავეს.

დანაშაული  17 წლამდე  ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე გ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე, შინაგან საქმეთა  სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელს, გ.რ.-ს უკანონოდ გადასცა ,,მეთადონის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც  იგი, ასევე, უკანონოდ ინახავდა.

გ.რ.-ს და  გ.ა.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად,  ნივთმტკიცებად ამოღებულია ,,მეთადონის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით  და მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, ასევე,  260-ე სეკუნდა მუხლის მე-7 ნაწილით და მე-8 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.