როგორც წესი, დასკვნითი სიტყვების შემდეგ გამოაქვთ მოსამართლეებს გადაწყვეტილება, მით უმეტეს, სამშაბათს პროცესები აქვს მოსამართლეს და მასში ვერ მიიღებს მონაწილეობას, თუ აქ სათათბიროში გავიდა. ყველა ლოგიკით, ორშაბათს მიიღებს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
„ჯამში, 20 მოწმე გამოიკითხა დაცვის მხარეს, მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა სამი მოწმე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ მოსამართლემ მიიღოს მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. მინდა ვთქვა, რომ აქ წყდება არამარტო სააკაშვილის, არამედ საქართველოს ბედი. ამაზე პოლიტიკოსები უფრო ბევრს ლაპარაკობენ, არ მინდა, შევიდე ამ განხილვაში, თუმცა ეს უნდა გაითავისოს გადაწყვეტილების გამომტანმა მოსამართლემ. დარწმუნებული ვარ, მას ეს გათავისებული აქვს. დანარჩენი ვნახოთ, ზევით ღმერთია, ქვევით მოსამართლე. სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაახლოებით ნახევარ საათში სააკაშვილი დატოვებს საქართველოს საზღვარს და წავა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. სააკაშვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების შემთხვევაში, ბუნებრივია, გეგმა შემუშავებულია და ვიმოქმედებთ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გაჟღერდება“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.