საქართველოს პროკურატურა „მთავარ არხთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საგამოძებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, დღეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა, ამავე ტელეკომპანიის დირექტორის, გიორგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

„განჩინებები, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოსაპოვებელი დოკუმენტაციის და ელექტრონული ინფორმაციის მოძიების და შემდგომი გადმოცემის მიზნით, ოფიციალურად ჩაბარდა შპს „მთავარი არხის“ და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს და მათ დოკუმენტების გადმოსაცემად მიეცათ გონივრული ვადა.

საქართველოს პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე.

გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საქართველოს პროკურატურა მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.