სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებულ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე­ სასამართლო განაჩენს 17 მარტს, 11:00 საათზე გამოაცხადებს.

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

დღევანდელ პროცესზე საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურადაც არ დასწრებია. არადა, დღევანდელ პროცესზე მას საბოლოო სიტყვით უნდა ესარგებლა.

მოსამართლემ სხდომაზე წარმოდგენილი ოქმი წაიკითხა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სააკაშვილი პროცესზე გამოცხადებაზე უარს აცხადებდა.

პროცესზე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილსა  და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე რამდენიმე დღის წინ გამოტანილი განაჩენი ცნობის სახით წარუდგინა.

მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.