სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას, პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას და წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციულ ქმედებას.

 მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძე სასჯელის მოხდის მიზნით განთავსებულია N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც, ისევე როგორც ყველა სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში, სრულად არის დაცული თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები და ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მათ შეუფერხებლად ისარგებლონ კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებით, მათ შორის, ჯანდაცვისა და სანიტარულ-ჰიგიენური სერვისებით.

 სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის პერსონალი. სამსახურს შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმებული აქვს კომპანიასთან, რომელიც წელიწადში მინიმუმ ორჯერ უზრუნველყოფს სავალდებულო სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში კი,  სამუშაოებს ატარებს დამატებით, არაგეგმურად.

 ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში 24-საათიან რეჟიმშია ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო სერვისი მიეწოდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ხოლო, თუ მკურნალობა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის მრავალპროფილურ ან მონოპროფილურ კლინიკაში.

შესაბამისად, მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძე ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ რამდენიმე თვეა, ელოდება სამედიცინო მომსახურებას. აღნიშნული სერვისით ის ყოველთვის უზრუნველყოფილია.

 მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცილისმწამებლურ ინფორმაციას, როდესაც დაწესებულების ადმინისტრაციას ადანაშაულებს არასათანადო მოპყრობაში.

 ზვიად ცეცხლაძე, ასევე, ცდილობს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას, როდესაც საუბრობს სასჯელის მოხდის პირობებზე ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში. მსჯავრდებულს განსაზღვრული აქვს საშიშროების მომეტებული რისკი და განთავსებულია დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში. შესაბამისად, ის ვერ ისარგებლებს ნახევრად ღია დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულების უფლებებით.

 სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს საინფორმაციო საშუალებებს დაწესებულებაში არსებულ პირობებთან დაკავშირებით გააზიარონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და ვითარების აღწერისას გამოიყენონ შესაბამისი  სამართლებრივი დეფინიციის მქონე ტერმინები." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.