გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო ტყით სარგებლობის 297 ფაქტი გამოავლინეს; მათ შორის, 243 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 54 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების  ფაქტებია.  სამართალდარღვევებიდან 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

უკანონო ტყით სარგებლობის ყველაზე მეტი - 98 ფაქტი გამოვლენილია  კახეთში, 46 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში,  სამცხე-ჯავახეთში - 37, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 36, იმერეთში - 31, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 17, შიდა ქართლში - 16, მცხეთა-მთიანეთში - 7, ქვემო ქართლში - 5, გურიაში კი, 4.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 321 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 48 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო ტყით სარგებლობის 2 390 ფაქტი აღკვეთეს. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილია 58 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.