პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ფუნქციონირების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ცვლილებებით ახლებურად წესრიგდება პირის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე უარის განცხადებასთან, სათადარიგო მოსამართლის დანიშვნასთან და ნაფიც მსაჯულთა შერჩევასთან დაკავშირებული საკითხები. კოდექსით რეგულირდება ნაფიცი მსაჯულის და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ შესაბამისი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი. საკითხის მომხსენებლის, ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის უკეთ ფუნქციონირებას, ცვლილებებით ზუსტად განისაზღვრება, თუ რა შემთხვევაში შეეძლება პირს ნაფიც მსაჯულობაზე უარის თქმა. ცვლილებების თანახმად, ასეთად მიიჩნევა ის განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც პირი სასამართლოს წარუდგენს დამაჯერებელ ინფორმაციათა ერთობლიობას, რომლითაც დასტურდება, რომ ის ასრულებს ისეთ სამუშაოს, როლის შეცვლაც შეუძლებელია ან გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს.