მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული - ამის შესახებ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე ირაკლი შენგელია სოციალურ ქსელში წერს.

არ ვაპირებ ,,კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას. ჩემთვის აშშ-ის ვიზა არ არის მთავარი, შესაძლოა საერთოდაც აღარასდროს გავემგზავრო იქ; არამედ - მთავარია ღირსებისა და იმ საქმიანი რეპუტაციის დაცვა, რაც გამაჩნია, მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შესრულების შედეგად. ვინაიდან ჩემი სარჩელის ადრესატი არის აშშ-ის სასამართლო, სარჩელი მას წარედგინება გარკვეულ დროში, მას შემდეგ, რაც გადავწყვეტ მისი წარდგენისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე არ დაიკარგება და სრულად აღვიდგენ ჩემს დარღვეულ უფლებებს.

ცნობისთვის, ლევან მურუსიძე (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ), მიხეილ ჩინძალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ) ირაკლი შენგელია (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი,  თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) და ვალერი ცერცვაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე  2007-2017 ) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

ენტონი ბლინკენმა  განაცხადა, რომ „ამ პირებმა სასამართლოს თავმჯდომარეობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს".

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი აცხადებს: ჩინჩალაძის, მურუსიძის, ცერცვაძის და შენგელიას სანქცირების გადაწყვეტილება გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ