ორი წლის შვილზე ძალადობისათვის მამას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა თელავის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება დახურულ პროცესზე მიიღო.

 სხდომა პროკურორის შუამდგომლობისა და ბრალდებულის ადვოკატის თანხმობით დაიხურა.

სახელმწიფო ბრალდება მცირეწლოვანი გოგონას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული მამისათვის, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, დამატებით ჩატარებულმა სამედიცინო ექსპერტიზამ, მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დაადასტურა, რაც ბრალის გადაკვალიფიცირების მიზეზი გახდა.

ბრალდებულის ადვოკატი, მამაკაცისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს შეფარდებას ითხოვდა და თანხის განსზღვრას სასამართლოს სთხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა და შვილის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში ბრალდებულს, პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, ორი წლის გოგონა, სხეულის მძიმე დაზიანებებით, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში, 23 თებერვალს შეიყვანეს. ჰოსპიტალის ექიმებმა მცირეწლოვანის თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, სადაც მას ამ დრომდე მკურნალობენ. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

საქმის დეტალების შესწავლის შემდეგ, სახელმწიფო ბრალდებამ საქმე გადააკვალიფიცირა და დაკავებულ მამას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11'117- ე მუხლით წაუყენა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.