თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, რუსლან სივაკოვსა და სერგეი კუხარჩუკს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

"საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს, ბრალდება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობად გადაუკვალიფიცირა და 11 პირი დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აქციიების მიმდინარეობის დროს ბრალდებულებმა მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში.

პროკურატურამ თერთმეტ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარუდგინა.

სასამართლოს განაჩენით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებულების ქმედება გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა) და ბრალდებულებს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.