თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ჯუანშერ ბურჭულაძეს ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 17 სექტმებერს ჩაინიშნა.

 ღუდუშაურის ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობის სახით 100 000-ლარიანი გირაო შესთავაზა. გიორგი ხაინდრავას ადვოკატმა კი  შუამდგომლობად დააყენა 100 000 ლარი ან ქონების დაყადაღება, რომელიც 200 000 ლარზე მეტია. ვასილ მხეიძის ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობის სახით 100 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.

შეგახსენებთ, 2025 წლის 28 ივლისს საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტალისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ბრალდებულებმა გაფლანგეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი.

გამოძიება გრძელდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“,  „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,  რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით  სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.