საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროკურატურის ახალი შენობის საპროექტო სამუშაოები დაასრულა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ღია კარის დღე გაიმართა.
შეხვედრაზე, ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულ სამშენებლო კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებში, თბილისში საქართველოს პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა აშენდება.
მშენებლობა განხორციელდება საქართველოს პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული თანხებით.
საქართველოს პროკურატურის ახალ შენობაში განთავსდება თბილისის რაიონული პროკურატურები, რომელთა თანამშრომლები უკვე არაერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ. ახალ შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი.
პროექტის მიზანია პროკურატურის თანამშრომელთა შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათ თანამედროვე სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფა.