საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროკურატურის ახალი შენობის საპროექტო სამუშაოები დაასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროკურატურის ახალი შენობის საპროექტო სამუშაოები დაასრულა. პროექტის განსახორციელებლად,  სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, 13 თებერვალს, 12.00 საათზე,მუნიციპალური განვითარების ფონდი ღია კარის დღეს გამართავს.


შეხვედრის მიზანია  გამვიჭირვალე და ეფექტიანი გახდეს პროექტის განხორციელება და გამოსაცხადებელი ტენდერის პროცედურები. ასევე, დაინტერესებულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტს. დაინტერესებული 

კომპანიების აქტიური ჩართულობა უზრუნველყოფს მეტ  კონკურენციას, რაც მნიშვნელოვანია პროექტის ეფექტიანი განხორციელებისთვის.


 აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თბილისში საქართველოს პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა აშენდება.


მშენებლობა განხორციელდება საქართველოს პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული თანხებით.


საქართველოს პროკურატურის ახალ შენობაში განთავსდება თბილისის რაიონული პროკურატურები, რომელთა თანამშრომლები უკვე არაერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ. ახალ შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი.


პროკურატურის ახალი შენობის პროექტი  პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას და  სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად,  რაც პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.