პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფინანსური დანაშაულებისთვის მსჯავრდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, არალეგალური გზით, ეტაპობრივად საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხა, რომელიც მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე განათავსა. ასევე, თანხის ნაწილით ბრალდებულმა საქართველოში ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა. დანაშაულებრივად მოპოვებული ქონების კანონიერად წარმოსაჩენად, ბრალდებულმა საგამოძიებო ორგანოს მის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ყალბი დოკუმენტაცია წარუდგინა.
გამოძიების ეტაპზე, პროკურატურის მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას - 1 532 500 აშშ დოლარს და 107 550 ლარს. ასევე ყადაღა დაედო მის მიერ შეძენილ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას, მათ შორის - წყნეთში მდებარე აგარაკს და თბილისში - 2 საცხოვრებელ ბინას, რითაც მას არ მიეცა ქონების შემდგომი განკარგვის შესაძლებლობა. გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კრიპტო ვალუტის სავაჭრო პლატფორმაზე „BINANCE”-ზე განთავსებული ბრალდებულის კუთვნილი კრიპტო ვალუტა ამოიღეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტზე. ამავე განაჩენით, ბრალდებულს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 7 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავი ქონება, ფულადი თანხა და კრიპტო ვალუტა სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა, მათ შორის - მის ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული წყნეთში მდებარე აგარაკი, თბილისში მდებარე ორი საცხოვრებელი ბინა, საბანკო ანგარიშებზე განთავსებული 1 532 500 აშშ დოლარი და 107 550 ლარი, ასევე გამოძიების მიერ ბრალდებულის პირადი კრიპტო საფულიდან ამოღებული კრიპტო ვალუტა. - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.