თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსმა, ბაჩანა კვარაცხელიამ, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა დაზიანება. ის ამჟამად გადაყვანილია საავადმყოფოში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 11პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე ტარდება საგამოძიებო და საპროცედურო მოქმედება. რაც შეეხება დამატებით დეტალებს, ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას. შემთხვევას შეესწრო გარდაცვლილის ორი არასრულწლოვანი შვილი და კიდევ ერთი პირი“, – განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა.
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მოკლულია ორი ადამიანი. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ყვებიან, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.