დიტო საძაგლიშვილი: ჩვენთვის გადმოცემული დოკუმენტების თანახმად, ძალოვანმა უწყებებმა არ იციან როგორ შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში

1633268376
ჩვენთვის გადმოცემული დოკუმენტების თანახმად, ძალოვანმა უწყებებმა არ იციან როგორ შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დამცველმა დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა.
ადვოკატი სააკაშვილის საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაიასთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქმედება, რასაც ცომაიას ედავებიან, ვერ იქნება ამოკითხული სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე მუხლში.
"ეს ბრალდება ივანიშვილის პროკურატურის პირობებშიც კი არის სასაცილო და ჩინჩალაძის სასამართლოს პირობებშიც კი ვერ წარმომიდგენია, რანაირად შეიძლება მოსამართლემ მას პატიმრობა შეუფარდოს აღკვეთი ღონისძიების სახით. ვინაიდან ბრალის დადგენილებაში რა ქმედებასაც ედავებიან, ეს ქმედება დანაშაული უბრალოდ არ არის და ვერანაირად ვერ შეიძლება ამოკითხული იქნეს სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე მუხლში, ამ მუხლში ცალსახად გამოვრიცხავ.
დამნაშავის დაფარვა - ასეთი მუხლი არ არსებობს, არსებობს დანაშაულის დაფარვა. ამ კაცს გამოდის, რომ ედავებიან იმ საქმეებზე, რაზეც ჩინჩალაძის სასამართლოს "გამამტყუნებელი განაჩენები არსებობს" იმ საქმეებზე, რატომ მოახდინე ამ დანაშაულის დაფარვა, ეს არის სრული აბსურდი.
რაც შეეხება, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ფაქტს, ამ სისხლის სამართლის საქმეში არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ჩვენთვის გადმოცემული დოკუმენტების თანახმად, ძალოვანმა უწყებებმა არ იციან როგორ შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში", - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.