სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმე გამოუგზავნა სტანდარტული პროცედურების ფარგლებში, რაც გულისხმობს, რომ პირველ ეტაპზე მხარეებს ექნებათ 12 კვირა, რათა მორიგების თემაზე ჩამოყალიბდნენ. – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
"ამ ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს მთავრობას ექნება დამატებით 12 კვირა საკუთარი პოზიციის გასაგზავნად, რის შემდეგაც სტრასბურგის სასამართლო ისევ მომჩივნებს მისცემს ვადას და საბოლოო პოზიციას საქართველოს მთავრობა გააგზავნის. მთლიანად ამ პროცედურებისთვის დაახლოებით მიმდინარე წელი ალბათ აუცილებელი იქნება. შესაბამისად, საუბარი, რომ რაიმე დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ამ საქმის განხილვა, სიმართლეს არ შეესაბამება. სტრასბურგის სასამართლოს აქვს რეგლამენტში შესაბამისი წესი, როდესაც მიიჩნევს, რომ საქმე, განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე, პრიორიტეტულად უნდა იყოს განხილული, ამას პირდაპირ უთითებს წერილში, 41-ე წესზე აკეთებს მითითებას და ნამდვილად ხდება სწრაფად განხილვა, მაგრამ ამ საქმეში ამდაგვარს არაფერს ადგილი არ ჰქონია. ადგილი რომ ჰქონოდა, თვითონ მომჩივნები ალბათ გაასაჯაროებდნენ კიდეც სტრასბურგის სასამართლოდან გამოგზავნილ წერილს.
რაც შეეხება, რას გულისხმობს საქმის წარმოებაში მიღება, ევროპული სასამართლო როდესაც მთავრობას უსვამს კითხვებს, ეს ნიშნავს, რომ მან, უბრალოდ, საჩივარი დაარეგისტრირა. სწორედ ამის შემდეგ, მთავრობიდან მიღებული პოზიციების, მათ შორის მომჩივანისგან მიღებული დამატებითი პოზიციების მხედველობაში მიღებით გადაწყვეტს, საერთოდ დასაშვებია თუ არა საჩივარი“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.
ცნობისთვის , პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ევროსასამართლომ მამუკა ხაზარაძის და მისი სარჩელის განხილვა დაჩქარებული წესით დაიწყო.
შეგახსენებთ, 022 წლის 12 იანვარს 3 წლიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ, “ფულის გათეთრების საქმეში” ბრალდებული ბიზნესმენების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის” მიმართ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამივე ბრალდებულს თაღლითობისთვის 7 წლით პატიმრობა შეეფარდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საქმეს შეეხო ხანდაზმულობის ვადა, ისინი გათავისუფლდნენ სასჯელისგან.
2023 წლის 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია - სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი და მსჯავრდადებულები დამნაშავედ ცნო სს „თიბისი ბანკის“ კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.