საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჯინჭარაძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი კუპრავამ და  პირველმა მოადგილემ ლევან მუშკუდიანმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გივი მიქანაძესთან და ამავე კომიტეტის წევრებთან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა მოინახულეს.

სკოლის სრული რეაბილიტაცია, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში მიმდინარე მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, 780 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში, სასწავლო სივრცეების პარალელურად მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, რესურსს ოთახი და ექიმის კაბინეტი; სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა და სასადილო; ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.

სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის: მოწყობილია ლიფტი და პანდუსები, ადაპტირებული სველი წერტილები.  უზრუნველყოფილია კომპიუტერული ქსელით, სახანძრო სიგნალიზაციის, გათბობის, და უსაფრთხოების ახალი სისტემებით. 

აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ასევე უზრუნველყო სკოლის აღჭურვა ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ტექნიკითა და ინვენტარით. ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური ღირებულება 6 300 000 ლარამდეა.