შვედეთის სკოლაზე თავდასხმის მოტივზე პოლიცია დანამდვილებით ჯერ არაფერს ამბობს, თუმცა მედია, არსებულ ინფორმაციაზე და შვედეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით, ძალიან დიდი ალბათობით ვარაუდობს, რომ მასობრივი მკვლელობა რასისტულ ნიადაგზე მოხდა.
დღეს, შვედეთის პოლიციამ, შვედეთის ისტორიაში ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა შესახებ ზოგიერთი დეტალი გაამჟღავნა.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შვედეთის ქალაქ ერებრუში არსებულ ზრდასრულთა სკოლაზე თავდასხმის შედეგად მოკლულია შვიდი ქალი (32, 38, 46, 52, 54, 55 და 68 წლის) და სამი კაცი (28, 31 და 48 წლის). გარდა ამისა, დაჭრილია ექვსი ადამიანი. მათგან ორი ქალის მდგომარეობია ჯერ კიდევ მძიმეა, ორის ქალის და ორი კაცის კი სტაბილური. მკვლელმა, 35 წლის შვედმა რიკარდ ანდერსონმა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
მედია, კონკრეტულად Aftonbladet-ი, „კარგად ინფორმირებული წყაროზე“ დაყრდნობით წერს, რომ მკვლელმა ზოგიერთი დაინდო.
სკოლის დერეფანში შემხვედრ ზოგიერთ პიროვნებას არ ესროლა და გვერდი აუარა, - წერს Aftonbladet-ი.
პოლიცია აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება და მას ჯერ არ შეუძლია ისაუბროს მკვლელობის მოტივზე, პრესით კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან. კონკრეტულად, სირიელები და ბოსნიელები სახელდებიან.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა პოლიციის მიერ პირველი დეტალების გამჟღავნების შემდეგ თქვა, რომ კითხვაზე„რატომ“, მას ჯერ კიდევ არ აქვს პასუხი და არ სურს ვარაუდებით საუბარი. ამასთან, მისი თქმით, რა დასკვნაც არ უნდა დადოს გამოძიებამ, ამ შემზარავმა ამბავმა შვედეთში, განსაკუთრებით შეშინებული და დაუცველი, იმიგრანტული წარმომავლობის მქონე ბევრი ადამიანი დატოვა.
ცნობისთვის, ერებრუს სკოლის მოსწავლეები შვედურ ენას სწავლობენ და ეუფლებიან ისეთ პროფესიას (მაგალითად. მედდის), რომელიც მათი უნარის შესაბამისია და საზოგადოებაში მოთხოვნით სარგებლობს.