დიალიზის ბენეფიციარების განცხადებით, კლინიკა ,,ბომონდში" დღეს მათ უთხრეს, რომ ფოთში აღნიშნული განყოფილება იკეტება და პაციენტებს შესაბამისი პროცედურების ჩატარება სხვა ქალაქებში მოუწევთ.
როგორც ბენეფიციარები აცხადებენ, დიალიზის განყოფილების მოსალოდნელი გაუქმების შესახებ, შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
„სად უნდა ვიარო ქუჩა-ქუჩა, ვერაფრით ვერ ვივლი, უკვე შესიებული ვარ. ხვალ რომ დიალიზი არ გავიკეთო, ალბათ მოვკვდები. ვერც ლანჩხუთში წავალ და ვერც ქობულეთში. ვითხოვთ, რომ იყოს ფოთში სადიალეზო. რკინიგზაცაც გადავკეტავთ ხვალიდან",- ამბობს თალიკო მიქელაძე.
აქციაზე მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი მივიდა. იგი მონაწილეებს დაჰპირდა, რომ ხვალ შესაბამის პროცედურას შეუფერხებლად ჩაიტარებენ. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი აღნიშნული პრობლემის მოგვარების ძიებაშია.
„სასურველია ქალაქს ჰქონდეს ნებისმიერი სამედიცინო მომსახურება და სერვისი. მუნიციპალიტეტი აკეთებს ყველაფერს, რაც მისი შესაძლებლობის ფარგლებშია. დღესდღეობით პრობლემურია დიალეზის პროგრამა, მაგრამ ჩვენ ყოველდღიური კავშირი გვაქვს კლინიკის მფლობელთან, რომლისგანაც გვაქვს პირობა, რომ დღეს, ხვალ და ახლო მომავალში დიალეზის პროგრამა არ შეჩერდება. ასევე, ჩვენი ქალაქის მაჟორიტარი აქტიურადაა ჩართული საკითხის მოგვარებაში."- განაცხადა მერის მოადგილე მამუკა პაპასკირმა.
აქცია დღეს დაიშალა, თუმცა, ბენეფიციარები და მათი ოჯახის წევრები დიალიზის განყოფილების მუშაობის გაგრძელებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.
ცნობისთვის, დიალიზის კაბინეტით ფოთსა და მიმდებარედ მცხოვრები პაციენტები სარგებლობდნენ. აღნიშნული განყოფილება პარლამენტში, ფოთის აწ გარდაცვლილი მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას სახელობისაა და მასში 22 პაციენტი იღებდა ყოველდღიურ სამედიცინო დახმარებას.