ნაძვის ხის ანთების ცერემონია და საახალწლო კონცერტი ამჯერად სოფელ ოფშკვითში ჩატარდა. საახალწლო ღონისძიების ორგანიზება ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ და ოფშკვითის, პატრიკეთის, გეგუთისა და საყულიას ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს.
კონცერტის მონაწილეებსა და შეკრებულ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დამდეგი შობა- ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა. საზეიმოდ აინთო ნაძვის ხე, მაყურებლის მოწონება დაიმსახურა ახალგაზრდებისა და პატარების მიერ შესრულებულმა ქორეოგრაფიულმა, ფოლკლორულმა და საესტრადო ნომრებმა. საახალწლო ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა გურეშიძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი იობიძე ესწრებოდნენ. კონცერტი ფეიერვერკით დასრულდა.