კავკასიაში ერთადერთი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის CinéDOC–Tbilisi -ის ფარგლებში წყალტუბოში, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში’’ რეჟისორ კოზიმა ლანგეს ცნობილი ფილმის ,,გამარჯობა, მე მქვია დევიდის’’ ჩვენება მოეწყო, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, ინტელიგენციისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

"- ,,უნიკალური კინო კულტურის პოპულარიზაციისა და ჩვენს ქალაქში კინო-ჩვენებების ტრადიციის აღდგენის მიზნით დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ჩვენ ყველანი ერთად კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით იმაში, რომ მადლიერების გამოხატვა, სიყვარულით გამთბარი ურთიერთობები არსებითია დიდი ხელოვნების შექმნისათვის, რომ უბრალობა და ნიჭიერება ქნის შედევრებს, რომლებიც მსოფლიოს ხალხთა საკუთრებად იქცევა’’ -აღნიშნა ფილმის წარგენისას ჟურნალისტმა სოფიკო ყანჩაველმა, მისივე თქმით , კინოჩვენების მოწყობის ინიციატორი და ორგანიზატორი CinéDOC–Tbilisi ‘’ -ის რეგიონალური კოორდინატორი იოსებ ციბაძეა.

- ვუნდერკინტი პიანისტის განსხვავებული, მაგრამ საოცრად ლაღი, იმპულსური და ადამიანების სიყვარულით აღსავსე ცხოვრების ისტორია, მისი მთავარი ღირებულებები: მადლიერება, რწმენა, შემოქმედებითი გარდასახვა, მუსიკისა და სიყვარულის ძალით მოპოვებული გამარჯვებები აუდიტორიამ გულთან ახლოს მიიტანა და მიიღო.

- ფილმის დამთავრების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც თბილისიდან მოწვეული სტუმარი, პროდიუსერი ანი მაზნიაშვილი ჩაერთო, ქალბატონმა ანიმ ისაუბრა ფილმის მთავარ ღირებულებებზე, იმაზე, რომ ზოგადად დოკუმენტური ფილმი არის არა გასართობი ხასიათის, არამედ შემეცნებითი, ასახავს ისტორიას მთელი სიღრმით და სჭირდება კარგი მაყურებელი, მანვე მადლობა მოახსენა წყალტუბოელებს ფილმზე დასწრებისათვის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

-,,მიხარია რომ დღეს საშუალება მქონდა გავცნობოდი სრულიად განსხვავებულ, გენიალური ნიჭის მქონე მუსიკოსის პიროვნებასა და ცხოვრებას, ეს იყო კარგი დოკუმენტური ფილმი, უძლიერესი რეჟისურით, კარგი ოპერატორული ნამუშევრით, რაც მთავარია აქ ნაჩვენები იყო დევიდის უბრალო და პირდაპირი, იმპულსური და გადამდები გენიალურობა მთელი თავის სიღრმით იმდენად კარგად, რომ შეუძლებელია არ აღფრთოვანდე და არ გაგიჩნდეს სოლიდარობის განცდა- აღნიშნა ააიპ ,,კულტურის განვითარების ცენტრის’’ საბიბლიოთეკო ქსელის მენეჯერმა სულიკო სვანიძემ

- ,,ფილის მთავარი გმირი მუსიკოსია მთელი არსებით, მისი ყველა მოძრაობა, სიტყვა, გამოსვლა იყო მუსიკის შექმნის ურთულესი შემოქმედებითი პროცესი, ჩვენ ვნახეთ როგორ იქმნება უნიკალური კონცერტები, თითქოს მარტივად, ჩვეულებრივად, თუმცა მას ქმნის არაჩვეულებრივად ნიჭიერი და უძლიერესი მუსიკოსი’’- განაცხადა დაჩი იოსელიანმა.

წყალტუბოში კინოს პოპულარიზაციისა და კულტურულ ღირებულებებს წარმოჩენის მიზნით, მსგავსი ჩვენებების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება."- აღნიშნულია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.