საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილი სპორტული ინვენტარი და ეკიპირება დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებს გადასცა. ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ქვემო ქართლში სახელმწიფოს რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ვეტერანი სპორტსმენები და ადგილობრივი სპორტული ორგანიზაციების აღსაზრდელები ესწრებოდნენ. ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას დაესწრო მსოფლიოს ჩემპიონი, ცნობილი ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილიც.

„მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის “ ფარგლებში 2023 წელს სამინისტროს თანამშრომლების ჯგუფმა 25 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში მწვრთნელებისა და მათი მოსწავლეების საჭიროებების შესწავლის მიზნით კვლევა ჩაატარა. მუნიციპალიტეტებში აღმოჩნდა სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების დეფიციტი და მწვავე საჭიროება, არსებული ინვენტარისა და ეკიპირების ნაწილი კი დაზიანებული იყო და შეცვლა სჭირდებოდა და ეს გარემოება ნეგატიურად აისახებოდა ვარჯიშებისა და წვრთნების ხარისხზე, ზრდიდა ტრავმების რისკს, აფერხებდა სპორტის განვითარებას. მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე, მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ მიმართა შპს „სპორტმშენსერვისს“, რომელმაც შეისყიდა სპორტსმენთა ეკიპირება და სპორტული ინვენტარი. სამინისტროს მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში 25 მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლებისა და ორგანიზაციების, ასევე, სპორტული ფედერაციებისთვის კომპანიამ შეისყიდა 3 788 620 ლარი ღირებულების 8355 ერთეული სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი და ეკიპირება. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი უპრეცედენტოა - მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში პირველად ჩატარდა საჭიროებების მონიტორინგი და ამ რეგიონების სპორტულ ორგანიზაციებს ინვენტარი პირველად გადაეცა.


თითოეულ მუნიციპალიტეტს ინვენტარი და ეკიპირება გადაეცა სპორტული ორგანიზაციებისა და კლუბების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, მწვრთნელებისა და მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით, კერძოდ:

ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტულ სკოლას გადაეცა ტატამი, საჭიდაო ხალიჩა, ფეხბურთის ბურთები, მეკარის ხელთათმანები, კროსფიტის თოკები, სავარჯიშო მძიმე ჟილეტები, ჭადრაკის საათები, ჭადრაკის დაფები, ფრენბურთის ბურთები, ფრენბურთის ბადეები, მაგიდის ჩოგბურთის ბურთები, მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები, კიმონოები, ქართული ჭიდაობის ჩოხები, შტანგის სიმძიმეები, ბლინები, ჰანტელები, სავარჯიშო რეზინები, ლახტები, ბაგირები, სტადიონის მოსანიშნები, სასწორები;


ა(ა)იპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრმა ტატამი, სავარჯიშო საჭიდაო მანეკენები, ბაგირები, კროსფიტის თოკები, მეკარის ხელთათმანები, ფეხბურთის ბურთები, სავარჯიშო მძიმე ჟილეტი, ფრენბურთის ბადეები, ფრენბურთის ბურთები, კალათბურთის ბურთები, კიმონოები, ლახტები, სავარჯიშო რეზინები, სტადიონის მოსანიშნები, ჰანტელები, შტანგის სიმძიმეები, ბლინები, სასტვები, სასწორები მიიღო;


ა(ა)იპ წალკის კომპლექსურ სპორტულ სკოლას ტატამი, მკლავჭიდის მაგიდა, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები, მაგიდის ჩოგბურთის ბურთები, მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები, კრივის ტომრები, კრივის ხელთათმანები, სავარჯიშო მძიმე ჟილეტები, კროსფიტის თოკები, ფეხბურთის გადასაცმელები, სტადიონის მოსანიშნები, გირები, შტანგის სიმძიმეები, ბლინები, სავარჯიშო რეზინები, ლახტები, სავარჯიშო ბურთები, გამათბობლები, სასწორები გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებში სპორტულ ინვენტარს არა მარტო სპორტული ორგანიზაციების აღსაზრდელები, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების წევრებიც გამოიყენებენ. სპორტული ინვენტარი და ეკიპირება მუნიციპალიტეტებსა და ფედერაციებს ეტაპობრივად გადაეცემა.