ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიცავს როგორც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.
ველისციხის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ახალი ეტაპის მიზანია სოფლის ისტორიულ-კულტურული იერსახის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცენტრალური ქუჩებისა და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, გზის საფარის და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, ტროტუარების განახლება, მიერთების კვანძების მოწყობა და თანამედროვე გარე განათების სისტემების განთავსება.
ასევე, გათვალისწინებულია, ველისციხის ცენტრში არსებული საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
შენობების განახლების პროცესში პრიორიტეტი მიენიჭება მათი ისტორიული არქიტექტურის შენარჩუნებასა და აღდგენას, ხოლო ახალი პროექტები სოფლის ფუნქციური, ისტორიული და ტურისტული მნიშვნელობის გათვალისწინებით განხორციელდება.
გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად მუშაობს ველისციხის ცენტრალურ ნაწილში დაწყებული და შეჩერებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესწავლასა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე. ამის შემდეგ ფონდი გამოაცხადებს ახალ ტენდერს, რაც უზრუნველყოფს ველისციხეში დაწყებული რეაბილიტაციის პროცესის სრულ დასრულებას.








