ანაკლიაში ყველა პროცესი გეგმა-გრაფიკის სრული დაცვით მიმდინარეობს, ჩვენ აქ ჩავატარეთ შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის ძალიან მნიშვნელოვანი დაღრმავებითი სამუშაოები, - განაცხადა Jan De Nul პროექტის დირექტორმა ერიკ ბეითსმა.
როგორც ანაკლიის ღრამწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარე ფსკერის დაღრმავებით სამუშაოებზე საუბრისას მან აღნიშნა, უკვე მოხდა 5 400 000 კბ/მეტრი ქვიშის ამოღება.
„დაგვრჩა მცირე სამუშაოები, რაც მეტწილად შემოსასვლელი არხის და მოსაბრუნებელი აუზის ფსკერის გაწმენდაა. ვვარაუდობთ, რომ 3 კვირაში სრულად დავამთავრებთ დაღრმავებით სამუშაოებს. პარალელურად რეჟიმში, ვაგრძელებთ ტალღმტეხის მშენებლობას, რომლის 30%-ზე მეტი განხორციელებულია“, - აღნიშნა ერიკ ბეითსმა.
ამასთან, Jan De Nul პროექტის დირექტორის განცხადებით, სამუშაოები უკვე წყალში გადავიდა, ამ ტემპებით ტალღმტეხის მშენებლობა სავარაუდოდ, მომავალი წლის შუა პერიოდში დასრულდება.
„როგორც Jan De Nul-ის წარმომადგენელი, მოხარული ვარ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ვმონაწილეობ. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ სამუშაოების მიმდინარეობით, რადგან 2026 წლის ივლისში დავიწყეთ დაღრმავება და ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია“, - განაცხადა პროექტის დირექტორმა.









