სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი სასაზღვრო ზოლის მიმდებარე სოფელ ბერშუეთში, საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. 330 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა სასწავლო პროცესს ახალი სასწავლო წლიდან განაახლებს.
1 200 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით მიმდინარეობს.
პროექტის შესაბამისად, საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად სკოლაში იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი; ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები;
სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის; უზრუნველყოფილი იქნება სახანძრო უსაფრთხოებისა და გათბობის ახალი სისტემებით.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დამატებით უზრუნველყოფს სკოლის აღჭურვას ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით.