საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ გამარჯვებული თბილისის N199 საჯარო სკოლა გახდა. მეორე საპრიზო ადგილი ამბროლაურის N2 საჯარო სკოლამ დაიკავა, მესამე ადგილზე კი თბილისის N42 საჯარო სკოლა გავიდა.
პროექტის ფინალური თამაში დღეს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართა და მასში 40 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. პირველ საპრიზო ადგილზე გასული სკოლის მოსწავლეები ნოუთბუქებით, მეორე ადგილზე გასულები - ყურსასმენებით, ხოლო მესამე პრიზიორები - ჭკვიანი საათებით დასაჩუქრდნენ.
პროექტში წარმატებული ასპარეზობისთვის საჩუქრები გადაეცათ ფინალისტებს შორის ყველაზე მაღალმთიანი რეგიონის წარმომადგენლებს - ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის გუნდს; ასევე დასავლეთ საქართველოს გუნდებს შორის ყველაზე მაღალი ქულის მქონე ფოთის N5 საჯარო სკოლას.
გამარჯვებულები ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, შვილიშვილმა მიშელ რამიშვილმა დააჯილდოვეს.
საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება, ეროვნულმა არქივმა საფუძველი 2015 წელს ჩაუყარა. ის „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით ტარდება. 2024 წელს პროექტში მთელი საქართველოს მასშტაბით 250-მდე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის VIII-XI კლასის მოსწავლე მონაწილეობდა.
პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.