აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმის N26 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
„დღეს საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს. ჩვენი, ყველას, საზოგადოების, განსაკუთრებით, მთავრობის მოვალეობაა, რომ ვიზრუნოთ დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებზე, მათ უფლებებზე, ჯანმრთელობასა და განვითარებაზე“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს ტრანსპორტი უფასოდ ემსახურება. სკოლაში ბავშვებისათვის შექმნილია სპეციალური სწავლების პროგრამა, მოქმედებს თიხის დამუშავების საამქრო, თექის, ხატვისა და ბატიკის შემსწავლელი ჯგუფები.
ეტაპობრივად მიმდინარეობს ბათუმის N26 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პროცესი. მიმდინარე წელს დაგეგმილია ფასადის სრული რეაბილიტაცია და ინკლუზიური სწავლებისთვის განკუთვნილი სივრცის სრული რეაბილიტაცია-აღჭურვა. ანალოგიური ინკლუზიური განათლების ცენტრის მოწყობა იგეგმება ხელვაჩაურში, რომელიც 2025 წლის სექტემბრიდან უკვე შეძლებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიღებას.
ინკლუზიური სწავლების ცენტრში დღეს გამართულ ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე ესწრებოდნენ.