გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის №51 საჯარო სკოლა სასწავლო დაწესებულებიდან მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის, მანანა ღვინჯილიას გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„მანანა ღვინჯილია სკოლაში განსაზღვრული იყო დასუფთავება-ჰიგიენაზე პასუხისმგებელ პირად და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორად. მისი გათავისუფლება მოხდა არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ არაერთი დისციპლინური გადაცდომის გამო. არსებული ფოტო და ვიდეო მასალებით დგინდება მისი გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება დაკისრებული მოვალეობისადმი. აქვე გაცნობებთ, რომ გათავისუფლებამდე მას მიეცა შენიშვნა და შემდეგ უკვე საყვედური. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, მან ჯეროვნად არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, რის გამოც 2024 წლის 18 ივლისს მასთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა.
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური სპეკულაცია სკოლის მიმართ და მოვუწოდებთ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის განცხადებებისგან და ცილის წამებისაგან!“- ნათქვამია განცხადებაში.