სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში “დარგე და გადაარჩინე კოლხური ბზა” ადგილობრივებმა ანაგის ეკლესიის ეზოში კოლხური ბზის ნერგები ჩარგეს. “საქართველოში და განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში გასულ წელს კოლხურ ბზას, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი და გადაშენების პირასაა, გაუჩნდა გაურკვეველი დაავადება და თითქმის გაქრა. სოციალურ ქსელში დავიწერე რომ დავიწყოთ მასობრივი ბზის დარგვის აქციათქო, ათობით შეტყობინება მივიღე საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და ყველა შემოგვიერთდა. ბზის დარგვის აქცია სახელწოდებით “დარგე და გადაარჩინე კოლხური ბზა” ანაგიდან დაიწყო და უახლოეს მომავალში შემოგვიერთდება მთელი საქართველო. ანაგაში სულ 17 ეკლესიაა, თუმცა ჩვენ მოქმედი ეკლესია ავარჩიეთ და სწორედ მის ეზოში ჩავდგეთ 30 ცალი ბზის ნერგი, რათა უფრო მარტივად შევძლოთ მოვლა-პატრონობა და გახარება”, – განუცხადა “აიპრესს” აქციის ორგანიზატორმა, ნინო გოგოლაშვილმა. გამწვანების აქციის ორგანიზატორმთა თქმით, კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით მსგავსი აქციების ჩატარება მომავალშიც იგეგმება. კოლხური ბზის ნერგების დარგვა რამდნიმე დღეში ანაგის მთავარანგელოზის მამათა მონასტრის ეზოშიც იგეგმება.