საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ. 

 

გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ ტყუილებითა და ცილისწამებით გაჯერებულ სიუჟეტს, რომელიც აგებულია ტყუილზე, დამახინჯებულ ფაქტებზე, უსაფუძვლო, უარგუმენტო და ხშირად ულოგიკო მსჯელობებზე. სრულად დაუსაბუთებელ მძიმე ბრალდებებს აქვს მხოლოდ საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულების შექმნის და არა გადამოწმებული და სწორი ინფორმაციის გავრცელების მიზანი. ​

დავიწყოთ იმით, რომ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყანაში მიმდინარეობს, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერით.

საქართველოს მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ ყველა პროექტზე აცხადებს ღია, საჯარო საერთაშორისო ტენდერს, რომელში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ კომპანიას, რომელიც აკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს.

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ყველა ტენდერი ტარდება დამფინანსებელი ფინანსური ინსტიტუტის  მკაცრად გაწერილი მოთხოვნებისა და წესების დაცვით, საერთაშორისო თავისუფალი და კონკურენტუნარიანი ტენდერის პრინციპით.

სატენდერო პროცესის ყველა საფეხური, დაწყებული სატენდერო მოთხოვნებით, დამთავრებული პრეტენდენტების შერჩევით, თანხმდება დამფინანსებელ ორგანიზაციასთან. ამასთან, თავად დამფინანსებელი ორგანიზაცია აწარმოებს ეგრეთ წოდებულ შავ სიას, ანუ სანქცირებულ კომპანიათა სიას და მასში შეტანილი კომპანიის გადამოწმებაც შესყიდვის პროცედურის ნაწილია. შესაბამისად, ასეთი კომპანიის მიერ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვება, სრული აბსურდია.

რაც შეეხება სატენდერო წინადადებას, იგი ფასდება პრეტენდენტის ფასის, პრეტენდენტის კვალიფიკაციისა და გამოცდილების და სხვა ტექნიკური პარამეტრის მიხედვით

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო წლებში დეტალური პროექტის მომზადების მიზნით გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში იმარჯვებენ ისეთი მაღალკვალიფიციური ამერიკული და ევროპული კომპანიები, რომლებიც არიან ამ სფეროში საერთაშორისო ბაზრის ლიდერები. ასევე, ევროპული კომპანიები მონაწილეობენ და იმარჯვებენ მშენებლობის პროექტის ზედამხედველობაზე გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერებში. შესაბამისად, საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული დიდი პროექტების შესრულებას, მათ შორის, ხარისხს, ზედამხედველობენ ევროპული კომპანიები.

სწორედ ევროპული კომპანიების მიერ მკაცრად მიმდინარეობს არა მხოლოდ სამუშაოს ხარისხის, არამედ სხვა სახელშეკრულებო  პირობების ზედამხედველობა და კონტროლი. ნებისმიერ დარღვევას კი, მოჰყვება ადეკვატური, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, რეაგირება. ამასთან, თითოეული ხელშეკრულება უზრუნველყოფილია საგარანტიო პერიოდით.

ამასთან, არცერთ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტში არ მონაწილეობს ჩინური კომპანია CEFC.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შეგნებული ტყუილია ინფორმაცია პროექტებზე დასაქმებულთა ხელფასებთან დაკავშირებითაც, რაც დასტურდება თავად სიუჟეტში გამოყენებული ურთიერთგამომრიცხავი  მონაცემებით. პროექტებში, მათი მასშტაბურობიდან გამომდინარე, დასაქმებულია სხვადასხვა პროფესიისა და კვალიფიკაციის მუშახელი. შესაბამისად, მათი ანაზღაურებაც არის განსხვავებული, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში - საქართველოს შრომის ბაზრის შესაბამისი.

ძალიან სამწუხაროა, რომ დამკვიდრდა სიუჟეტში გამოყენებული ინფორმაციაც, ტრადიციულად, არ გადამოწმებულა სახელმწიფო უწყებებთან, ვინაიდან მისი მომზადების ერთადერთი მიზანი მაყურებლის შეცდომაში შეყვანა და მთავრობისა და სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციაა.