ხადას ხეობაში ბოლო სოფელს, წკერეს 32 ადგილობრივიდან მხოლოდ 2 ოჯახი შემორჩა. ერთ სახლში 83 წლის მოხუცი ბებო-ანიკა ბექაური ცხოვრობს, რომელმაც თავის ყოველდღიურობაზე "აიპრესთან" ისაუბრა.
ანიკა ბექაურს ერთი შვილი გარდაეცვალა, ხოლო მეორე საზღვარგარეთ ცხოვრობს და იქიდან ეხმარება. წუხს, რომ შუქის წასვლის შემთხვევაში უტელევიზორობა უჭირს. წკერეში ელექტროგადამცემი ხის ბოძები დამპალი და წაქცეულია, რის გამოც ერთი თვე უშუქოდაც ყოფილა. საქონელი არ ჰყავს, რადგან მათი მოვლა ძალიან რთულია. სამაგიეროდ, ხელებში ძალა კიდევ ერჩის და შვილიშვილებისთვის არაფრის კეთება ეზარება. ამბობს რომ წკერეს მიმხედავი არავინაა.
"მეტწილად არ გვაქვს შუქი, დამპალი ელექტრო ბოძებია, ხან წაიქცევა. ამ ზამთარს 1 თვე არ გვქონდა შუქი, ძალიან შევღონდით უტელევიზოროდ.. მერე, გაღმა ცხოვრობს ერთი ბიჭი, იმან გამოიძახა ბრიგადა და გააკეთა, თორემ რას ვიზამდით არ ვიცი. ზამთარში მარტო ვარ, თუ ჩემი შვილიშვილები არ ამოვლენ. ერთი გუდაურში მუშაობს, მთაში საქონელი ჩაიბარეს, 150 სულია, დღეს წავიდა ქვევით.
შუქი რომ გაგვიფუჭდება და ვინმეს ეტყვი, შუქი არ მაქვსო, არავინ გვაქცევს ყურადღებას, ყველა იმას გვეუბნება, მე არ მეხებაო. შუქის ფულის ასაკრებად 10 კაცი კი მოდის. შუქი რომ გაგიფუჭდება, ისევ აქაური ბიჭები აკეთებენ, მაშინ არავის ეხება, ნახევარზე შუქი არ გვაქვს, ნახევარზე ტელევიზორი არ მუშაობს და არავინ ყურადღებას არ გვაქცევს.
კარტოფილს თუ დათესავენ, თორემ ხილი აქ არ ხარობს, ზვავები ხილს არ გააჩერებს, ვისაც საქონელი ჰყავს, თიბავენ, ამოდენა მთა-ბარია, 10 ძროხა რომ იყოლიო, ოჯახს შეინახავ, ყველს ხომ იცი, როგორი ფასი აქვს. მე არაფერი არ მყავს. სანამ შემეძლო, აქვე სასაფლაოებთან მქონდა შემოღობილი, 45 ვედრა კარტოფილს ვთესავდი, ეს სამი წელია აღარ დამითესავს, აღარ შემიძლია, 83 წლის ვარ, რაღა უნდა შემეძლოს? სახსრები მტკივა, ეს მაწუხებს, ხოლო ხელებში ისევ ის მარიფათი მაქვს, რაც მქონდა. იმდენს ვაკეთებ, ვართავ, ვქსოვ, მატყლს ვრეცხავ, ლოგინებს ვკერავ, 6 ხელი ლოგინი შევუკერე ჩემ შვილიშვილს, რომელიც გათხოვდა,"- გვიამბობს ანიკა ბებო.
მისი თქმით, ელექტროენერგიის გადასახადს, ხანდახან მრიცხველის შეუმოწმებლად იხდიან...
"მრიცხველსაც არ ნახავენ, ხან 5 ლარია, ხან 10 ელექტროენერგიაზე, უპატრონო ქვეყანაა. ექიმსაც გამოგიგზავნითო მაშინ გვითხრეს, გაღმა რომ გაგვიყვანეს,
ერთხელ, ტრაქტორები მთელი ერთი თვე იდგა, დამთავრდა არჩევნები და მეორე დღესვე გაიარეს იმ ტრაქტორებმა. როცა ვინმე მოდის ვეუბნები: „შვილო ახლა რაღად გინდივართ, როცა საბჭო და კოლმეურნეობა იყო და აქ, ხადიდან ბარდებობდა ხორცი, მატყლი, მაშინ გინდოდათ ხადა, ახლა ვის რაში აინტერესებს? - არავის..." - ამბობს ანიკა ბექაური.
ანიკა ბებოს "აიპრესთან" იხსენებს, რომ დახმარების სახით 1 ტომარა ფქვილი, დიდი ხნის წინ მიიღეს.
ანიკა ბექაური: "რამდენი წელია დახმარება არ მიგვიღია. 7-8 წლის წინ "ვერტალიოტი" მოვიდა და 1 ტომარა ფქვილი მოგვცეს,
ფქვილს ვყიდულობ და პურს სახლში ვაცხობ. ჩემი ქმარი მარაბდაში რომ იყო წასული, იქ ეუბნებოდნენ, ჩვენ ლობიოსაც გვაძლევენო. რა ლობიო, რის ლობიო. 2 კომლი ვართ, წელიწადში თითო მეშოკი ფქვილი მაინც გადმოგვიგდონ. რა არის მთავრობისთვის? - არაფერი. არაფერი ყურადღება ჩვენთვის არ არის".
83 წლის მოხუცისთვის გარდა იმისა, რომ ზამთარში გაზის ფულს არ იხდის და მთის კანონის მიხედვით გაზრდილი პენსიით სარგებლობს, სხვა შეღავათი არ არსებობს. არც ექიმი ასულა წკერეში დიდი ხანია. ზამთარში ცუდად რომ გახდეს, მის სახლამდე სასწრაფოც კი ვერ ააღწევს.
- ანიკა ბებო, ზამთარში გზა იკეტება?
-ეს 5-6 წელია დიდი თოვლი აღარ ყოფილა, იცი რამდენი მოდის? ზამთარში გაღმა დატოვებენ მანქანას, იქიდან ფეხით გამოდიან. ტურისტები, სტუდენტები, ბევრი მოდიან ძალიან. ეს 5-6 წელია აღარ ყოფილა მძიმე ზამთარი, ტრაქტორი მოვა, გაწმინდავს გზას, როცა დიდი თოვლი მოვა, ზოგჯერ 1 ღამეში 1 მეტრა მოდის.
ზამთარში მარტო ვარ, თუ ჩემი შვილიშვილები ამოვლენ...
ექიმი რომ დაგჭირდეთ?
- ზამთარში სასწრაფო რას მოვა, იმხელა თოვლი როცა არის. ქვეშეთშია ექიმი, ექთნებიც აღარ მუშაობენ მგონი, მთელი ქვეყანა გუდაურში მუშაობს, იქ უფრო კარგი ანაზღაურება აქვთ. ადამიანი უნდა მოკვდეს აბა, მე რა მარჩენს არ ვიცი. არავინ ჩვენსკენ მომხედავი არ არის, თვეში ერთხელ მაინც ხომ უნდა მოვიდეს ექთანი და წნევა გაუზომოს ჩემი ასაკის ქალს. 2 ოჯახი დავრჩით. ესენი რომ აქ არ იყვნენ, (მეორე ოჯახს გულისხმობს), მარტოს რა გამაჩერებდა აქ?
პენსია 216 ლარი გახდა, ვითომ სექტემბრიდან ემატებაო და ტყუილია თუ მართალი, არ ვიცი. მაღალმთიან რაიონებში არც დახმარება მოგვიხსნეს, ქალაქებში მოუხსნეს, რა ვიცი, რა იქნება, წამლებსა და ფქვილში მყოფნის პენსია, ჩემი შვილიც მიგზავნის ლენინგრადიდან ფულს.
სოფელ წკერეში სკოლაც არ არის, როგორც ბებო გვიყვება, მისი შვილები მესამე კლასამდე სოფელ მუღურის სკოლაში დადიოდნენ. ჰყვება, რომ სკოლა არეულობის შემდეგ აღარ არსებობს, ჰპირდებიან, რომ ააშენებენ, მაგრამ გული წყდება, რომ მოსახლეობას სოფელი უკვე დატოვებული აქვს....
ანიკა ბექაური: "მე გუდამაყრიდან ვარ, ბექაური ვარ, იქიდან ამ შიშორეზე ვარ გამოთხოვილი - ჯოჯოხეთიდან, ჯოჯოხეთში.
ჩემი ბავშვები მე-3 კლასამდე აქ დადიოდნენ სკოლაში, მუღურში იყო სკოლა, მერე წკერეში გადმოიტანეს, აქ უფრო მეტი ხალხი იყო. ეს დრო რომ აირია, კოლექტივები დაიშალა, აღარც ცხვარი იყო, არაფერი. ცხვარი გაღმა, მხოლოდ ერთ კომლს ჰყავს, 1000 სული იქნება.
მოდიან, გვპირდებიან, ასე იქნება, ისე იქნება, ან რა სკოლას ააშენებენ, წავიდა ხალხი სკოლის გულისთვის, საშუალო მაინც ხომ უნდა დაამთავროს ბალღმა, თუ უმაღლეს ვერ დაამთავრებს?".
ანიკა ბექაური წარსულს იხსენებს... ამბობს, რომ რთული ცხოვრება ახლა კი არა, წარსულში იყო...
ანიკა ბექაური: "ბავშვობაში, ჩვენს გაზრდაში იმდენი შრომა, ჯაფა იყო, ვხნავდით, ყანის მომკა, გალეწა, თან საქონელი, ცხორი, ისეთი პატარა ვიყავი, ცხვარში რომ დავდიოდი... ცხვრების გახელისავებას ვეძახით - ცხვარს რომ პურს შეაჭმევ, ის აღარც მოგეშვება. გახელისავებული ცხვრები მყავდენ ზოგჯერ, დამესივნენ ეს ცხვრები, შემიჭამეს პური, მთელი დღე ვიყავი მშიერი... წვალება იყო, ახლა იძახიან ცუდი დროაო, არ უნახავს ამ ახალგაზრდებს ცუდი დრო რა იყო, ომის დროს რა უბედურება იყო.
ყველაფერი მახსოვს, ხალხი ამბობდა, სტალინმა რომ გაიმარჯვოსო, გლეხების კისრიდან ამოიღებს ყველაფერსო, დამწვარ ქალაქებს აღადგენს იმითო, მართლა ისე მოხდა, გაიმარჯვა სტალინმა, ასტალინმა კი არ გაიმარჯვა, ამერიკა დაეხმარა და გაამარჯვებინა. პატარა ვიყავი, დედაჩემმა ფასანაურში წამომიყვანა და მთელი ფასანაური სავსე იყო ამერიკული მანქანებით... ისეთ გადასახადებს აწერდნენ, მამაჩემმა ერთ ზაფხულს, 12 ცხვარი და 1 ხარი გაყიდა გადასახებისთვის, ატყავებდნენ ხალხს, 1 ძროხაზე 2 კილო ნახევარი ერბო უნდა ჩაგებარებინა, 75 კვერცხს აბარებდა თითო მაცხოვრებელი. ისეთი საშინელი დრო იყო, ახლა ვიძახით ფინთი დროა, ფინთი დრო, ამაზე უარესი დრო იყო, ახლა პენსია მაინც არის, ხალხს პურს აჭმევს პენსია, მე რომ პენსია არ მქონდეს, მშიერი მოვკვდებოდი. მაშინ არც პენსია და არაფერი იყო, უცოლო ბიჭებს და გასათხოვარ ქალებს ახდევინებდნენ უშვილობის გადასახადს, ობლიგაციები მოდიოდა, თან ისეთი ლამაზი იყო...
ომი რომ დამთავრდა, ობლიგაციებს ყიდიდნენ, ფულს აძლევდა მთავრობა... ადრე საქონელზე ცალკე გადასახადი იყო, ცალკე შეშის ფული, ხალხი ძლივს სჭამდა პურს, ახლა ჩასაცმელიც ყელში ამოსდის ხალხს და საჭმელიც, რამდენი საქონელიც გინდა იყოლე, გინდა 100 სული ძროხა იყოლე, შენი ხმის გამცემი არვინ არ არის. გინდა საზღვარგარეთ წახვალ, რასაც გინდა გააკეთბ".
როგორც გვიამბობს, ახალგაზრდობაში ცხენზე ჯირითი ისე ჰყვარებია, მამამისი ეუბნებოდა "ქალო შენ მაგ ცხენს გაჰხეთქავ სადმეო".
ანიკა ბექაური: მე ვიყავი ქალაბიჭა, უკვე დიდი ვიყავი, 13-14 წლის, არაფერს ვაკეთებდი, ცხვრები, ძროხები და ცხენი, დედაჩეემა დაიწყო ტირილი, შენი ჭირიმე ნეტა ეს რა გაიზრდებაო, ჩემი შემრცხვენელი გაიზრდებაო, ამის გულისთვის თავისთვის სწორად ვერაფერს გაჰკერავსო, წინდას ვერ მოიქსოვსო, მარტო ცხენზე შესვი და არბოლეო. ცხენის რბოლა მიყვარდა ისე, რაც კი ძალა ჰქონდა ცხენს რომ გაქცეულიყო, ვარბოლებდი, მივიყვანდი სახლში ამ ცხენს ისეთს, რომ სულ ოფლიანი იყო. მამაჩემი მეუბნებოდა, - ქალო შენ მაგ ცხენს გაჰხეთქავ სადმეო. ისეთი პატარა ვიყავი, ცხვრებს ვპარსავდი, ძლივს წავაქცევდი, ფეხებს ძლივს გავუკრავდი. უნდა გეყურა, ძლივს გავპარსავდი.
ქალაქი არ უყვარს რადგან, ქალაქში ბევრი ყაჩაღობა და მკვლელობა ხდება. "ჩემი ქალაქი წკერეა".
ანიკა ბექაური: "არ მიყვარდა აქ თავიდან, ამხელა გზაზე სიარული, სადმე რომ წავიდოდი და იქიდან მოვდიოდი, სულ იმის დარდი მქონდა, როგორ მოვიდოდი. ხან მიღამდებოდა, რამდენჯერ მოვსულვარ ღამე. 3 წელი ორჯონიკიძეში ვიყავით, მერე წამოვედით, ჩემი ქმარი ცხვარში დადიოდა, ცხვარს არ ანებებდა თავს, მე აქ გადმოვიდოდი, აქ ვმუშაობდი, შევწუხდი ამ გზაზე დგომით,
მაგრამ ქალაქში ცხოვრებას სოფელში მირჩევნია. რა უბედურებები აღარ ხდება,დაყაჩაღება, მკვლელობა, არ მიყვარს ქალაქი, ჩემთვის ქალაქი წკერეა"
ავტორები: ნათია ჩხაიძე, თაკო პაატაშვილი