ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა რესტავრატორ- კონსერვატორთა კონფერენცია, სემინარი და ვორკშოპი. კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ.
რესტავრატორების მიერ მოწყობილ კონფერენციასა და სამუშაო პროცესებს, სემინარსა და ვორკშოპს ხელმძღვანელობს მუზეუმის დირექტორის მოადგილე ნონა ქარციძე.
„ქარავან არტ ფორუმის“ პროგრამაში მონაწილე მხატვრების შემოქმედება წარმოადგინეს ფესტივალის ორგანიზატორებმა ნინო მეტრეველმა და შალვა ხახანაშვილმა.
სარესტავრაციო სამუშაოების თანამედროვე ტექნოლოგიებზე, კერძოდ, ლაზერული სპექტრის გამოყენების მეთოდებზე ისაუბრეს საფრანგეთიდან მოწვეულმა სხვადასხვა დარგის კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტებმა და რესტავრატორებმა.
„ ქუთაისში უკვე ტრადიციად იქცა თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „ქარავან არტ ფორუმის“ მასპინძლობა. ფესტივალის ფარგლებში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება ჩვენს ქალაქში. დღეს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა რესტავრატორ- კონსერვატორთა კონფერენცია, სადაც ფრანგმა რესტავრატორებმა რესტავრაციის თანამედროვე მეთოდებზე ისაუბრეს.
ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, ფრანგი სპეციალისტების კონსულტაციით და დახმარებით, გადაწყვეტილი გვაქვს ჩვენს მუზეუმში მოეწყოს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც შესაძლებელი იქნება დაზიანებული ექსპონატების დიაგნოსტიკა და მათი რესტავრაცია თანამედროვე მეთოდებით.
ფესტივალი 20 მაისს დასრულდება და ამ დღეების განმავლობაში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.