პროტესტში მონაწილე მოსახლეობამ რამდენიმე წუთით ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტა.

ადგილობრივები ამბობენ, რამდენიმე კვირაა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. ისინი ქობულეთის მერიას დახმარებას სთხოვენ და პრობლემის მოსაგვარებლად ვადას ხვალამდე აძლევენ.


ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელიც მათ გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა მოძრაობა რამდენიმე წუთით მაინც შეფერხდა.  მოსახლეობის საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. ისინი ქობულეთის მერის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და ამბობენ, რომ არაერთი დაპირების მიუხედავად, პრობლემა წლებია მოუგვარებელია.
მოსახლეობას ქობულეთის ვიცე-მერი, ირაკლი ცეცხლაძე შეხვდა, მან პირობა დადო, რომ წყლის პრობლემა ხვალ დღის ბოლომდე მოგვარდება. მისივე განცხადებით,  პრობლემა წყლის ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.   ირაკლი ცეცხლაძის თქმით, ახალი ტუმბო შეძენილია და ხვალ დამონტაჟდება.  
„ყველა მიმართულებით, წყლის მიწოდების საკითხი მოწესრიგდება. ტუმბო შეძენილია, ისევე, როგორც სხვა ინვენტარი, რომელიც სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდებას სჭირდება. მილები გამართულია, ტუმბო შეიცვლება, რაც დაზიანდა და წესით, შეფერხების პრობლემამ არ უნდა იარსებოს. ზაფხულის ცხელ დღეებში, წყლის დებეტი იკლებს ყოველთვის, ეს ბუნებრივი მოვლენაა. მოგვარებულია პრობლემა, ხვალ დილიდან წყლის მიწოდება აღდგება“,-აცხადებს, ქობულეთის ვიცე-მერი, ირაკლი ცეცხლაძე.