ფილოლოგი, გია მურღულია ლივერპული-პსჟ-ს გუშინდელ მატჩს ეხმაურება: 

"გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა რუსთველის სიტყვების სიმართლე:
"რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების".
სხვაგვარად ვერაფრით ამიხსნია ის გამაოგნებელი სპორტული უსამართლობა, რაც პსჟ-ლივერპულის მატჩში მოხდა.
სათქმელს სულ რამდენიმე თეზისი დასჭირდება:
1. პარი სენ ჟერმენმა ყოველგვარი "თუმცასა" და "მაგრამის" გარეშე აჩვენა, რომ ამ ჯერზე ლივერპულზე გაცილებით უკეთესი გუნდი იყო (ეს სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა არნი სლოტმაც გულწრფელად აღიარა) - კარისკენ ფრანგების 27 დარტყმა (10 უშუალოდ კარში) ინგლისელთა 2 დარტყმის წინააღმდეგ (1 უშუალოდ კარში) ეჭვისთვის ადგილს არ ტოვებს. იყო მომენტები, როდესაც პარიზელებმა ლივერპულელები უბრალოდ გააქრეს მინდვრიდან.
2. შემთხვევითი არ არის, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე სტუმართა მეკარე ალისონი გახდა - მას ვიღაცამ თუ რაღაცამ ჯადოსნური ფრთები გამოასხა, რამაც ბურთის გატანა მაგიურად შეუძლებელი გახადა. სტუმართა კარის დარაჯმა თავისი კარიერის საუკეთესი მატჩი ითამაშა - ასეთი გარდასახვები სპორტის ისტორიას რჩება.
3. პარიზელთა ტოტალური უპირატესობა თითქმის ბოლომდე ვერდანახვისთვის მეტისმეტად თვალსაჩინო იყო და მხოლოდ სულ ბოლო წუთებში დაეტყოთ მასპინძლებს ფსიქოლოგიური პრობლემა - როდესაც ასეთ უპირობო სპორტულ მეტობას რეალურ შედეგად ვერ აქცევ, გამარჯვებულის განწყობას შესაძლოა ბზარი შეეპაროს - იქნებ სწორედ ამიტომ ვერ გადაარჩინა დონარუმამ პარიზელები, თუმცა რთულად ასაღები ბურთი იყო.
4. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ყველა სათუო შემთხვევა სტუმართა სასარგებლოდ სრულდებოდა - ბედისწერა სპორტში (და ისედაც) ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ამჯერად მართლაც ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა ლივერპულის სასარგებლოდ.
5. თამაშგარე მდგომარეობის იდიოტურად ინტერპრეტირებული წესი (რომელიც მალე გაუქმდება) ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი გოლისთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა. ქართველი ტალანტი საუკეთესო იყო პარიზელთა რიგებში და არაერთხელ სახიფათოდ დაემუქრა ლივერპულის კარს, მაგრამ ღმერთი გუშინ "ინგლისელი" იყო. ხვიჩას ასეთი გარჯა ლამის სამ მატჩს ეყოფოდა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი კარგი შედეგის გარეშე დასრულდა.
6. ფრანგების მწვრთნელი ლუის ენრიკე სტრატეგიულად და ტაქტიკურადაც გუშინ ერთი თავით მაღლა იდგა სტუმართა დამრიგებელ არნი სლოტზე. არცერთ მომენტში ლივერპული უკეთესი, მითუმეტეს  - დომინანტი, არ იყო. 
7. მატჩის დასრულებისას ძალიან ბევრ ადამიანს დაეუფლა საშინელი უსამართლობის განცდა - წარმოუდგენელია მთელი თამაში დღესასწაულს ქმნიდე და საბოლოოდ სრულიად დაუმსახურებელი დამარცხება იგემო. იმედი მაქვს, ეს გუნდს გააძლიერებს და არ დაასუსტებს საპასუხო მატჩში, რომელიც ერთ კვირაში ლივერპულში ჩატარდება.
8. აქვს თუ არა პარიზულ გრანდს შესაძლებლობა, გასვლაზე თამაში მოიგოს და შემდეგ წრეში გავიდეს? ჩემი აზრით, უპირობოდ აქვს, რადგან მისი კლასი, ყველაზე ცოტა, ლივერპულისას არ ჩამოუვარდება. ძნელი იქნება "ენფილდზე" თამაში ექსპრესიული ინგლისელი მაყურებლის თანდასწრებით, მაგრამ, ჩემი აზრით, ლუის ენრიკეს გუნდმა მომზადების ისეთ დონეს მიაღწია, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია.
ვნახოთ, რა მოხდება - ყველაფერს განმეორებითი მატჩი გადაწყვეტს.
ახლა უპირატესობა, რა თქმა უნდა, ლივერპულის მხარეს არის, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება და უძლიერესი გაიმარჯვებს.
პარიზელთა დამანგრეველი შეტევა და ძალიან ძლიერი შუა ხაზი (იგივეს დაბეჯითებით ვერ ვიტყვი დაცვაზე, თუმცა მან ლივერპულელთა შესანიშნავი ლიდერი მოჰამად სალაჰი სრულად გაანეიტრალა) პსჟ-ს უკიდურესად კონკურენტუნარიანს ხდის.
ბოლოს უნდა ვთქვა, რომ დიდებული მატჩი ვიხილეთ - მე პირადად მისი მსგავსი სულ რამდენიმე მახსენდება.
აქ იყო ყველაფერი, რისთვისაც გვიყვარს ფეხბურთი.
არავითარი ეჭვი არ არის, რომ ეს საფეხბურთო ომი ინგლისშიც გაგრძელდება და გულშემატკივრებს არაერთ დასამახსოვრებელ მომენტს გვაჩუქებს.
წარმატება ვუსურვოთ პარი სენ ჟერმენს და ჩვენს ხვიჩას, რომელიც, იმედია, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ საქართველოში ვარსკვლავები იბადებიან."