ასეთი განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა უკრაინის საკითხზე მოწვეული ლონდონის საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„საბოლოოდ, შეთანხმებაში რუსეთმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ასეც იქნება, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მივუდგეთ მას იმის საფუძველზე, რომ რუსეთი გვიკარნახებს უსაფრთხოების გარანტიების პირობებს შეთანხმებაზე მუშაობის დაწყებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ საერთოდ ვერ მივაღწევთ პროგრესს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა

მისი თქმით, „თუ შეთანხმება დაიდება, ეს უნდა იყოს შეთანხმება, რომელიც შემდეგ დაცული იქნება, რადგან წარსულში ჩვენ ვნახეთ საომარი მოქმედებების შეწყვეტა ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე და რომელიც ადვილად დაირღვა რუსეთმა და ეს არის ზუსტად ის ვითარება, რომელიც, ვფიქრობ, ამჯერად უნდა ავიცილოთ თავიდან, ასე რომ, ჩვენ ამ გზით მივდივართ“.

სტარმერმა აღნიშნა, რომ მცდელობებს, ევროპის კონტინენტზე მშვიდობის შესანარჩუნებლად და წარმატების მისაღწევად, აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა ესაჭიროება.

„ჩვენ ვმუშაობთ შეერთებულ შტატებთან ამ საკითხზე გასულ კვირას პრეზიდენტ ტრამპთან ჩემი შეხვედრის შემდეგ და ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტს მუდმივი მშვიდობის გადაუდებელ აუცილებლობაზე და ახლა ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ“, - თქვა სტარმერმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ლიდერები კვლავ შეიკრიბებიან ძალიან მალე, რათა შეინარჩუნონ ამ ქმედებების იმპულსი და გააგრძელონ მუშაობა ამ საერთო გეგმაზე.

„დღეს ჩვენ აღმოვჩნდით ისტორიის გზაჯვარედინზე. ახლა ზედმეტი საუბრის დრო არ არის. მოქმედების დრო დადგა - ინიციატივის აღების და სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის ახალი გეგმის გარშემო გაერთიანების დრო“- თქვა კირ სტარმერმა.