გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

საქართველოს დატოვების შესახებ განცხადება გიორგი ბაჩიაშვილმა გუშინ სოციალური ქსელით გაავრცელა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში თავის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში ორ საქმეზეა ბრალდებული. ერთი ეხება ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას, მეორე კი – „მტკვარი ჰესის“ საქმეს. ორივე საქმეზე მას აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო ჰქონდა შეფარდებული.