პირაქეთა ხევსურეთში, ბარისახოში ერთი ამბულატორიაა. ამბულატორიაში 2 ექიმი და 2 ექთანია. ისინი 34 სოფელს ემსახურებიან. „აიპრესი“ ამბულატორიის ხელმძღვანელს ლელა გაბურს ესაუბრა.
პაციენტები აფთიაქიდან შორს ცხოვრობენ, შესაბამისად პირველადი დახმარების აღმოსაჩენად აუცილებელ მედიკამენტებს ლელა გაბური ყიდულობს.
ლელა გაბური: „აქ არ არის წამლების ყიდვის საშუალება. პაციენტები შორს ცხოვრობენ აფთიაქიდან, ჰოსპიტალიდან. პრობლემები რომ არ შეიქმნას, ყოველ თვე ამბულატორიის ბიუჯეტიდან სამეურნეო ხარჯისთვის თანხას გამოვყოფ და ვყიდულობ მედიკამენტებს, შესახვევ მასალას... პირველადი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტები ყოველთვის ადგილზე მაქვს. გარდა ამისა, პერიოდულად მუნიციპალიტეტიდანაც გვეხმარებიან. თუ არის გამწვავებები, ვირუსების პერიოდი, მედიკამენტებს გვიგზავნიან“
ამბულატორიაში ანალიზების გასაკეთებლად მხოლოდ ტესტ- ჩხირები აქვთ. ჰქონდათ ექოსკოპიის მეორადი აპარატიც, რომელიც მალევე გადაიწვა.
ლელა გაბური: „ადგილზე შეგვიძლია გლუკომეტრით შაქრის გაზომვა. პერიოდულად ვაკეთებთ სისხლის და შარდის ანალიზს ტესტ-ჩხირებით, სხვა საშუალება არ მაქვს. ძირითადად ასაკოვანი, ქრონიკული დაავადების მქონე ავადმყოფები მყავს. თუ რაიმე მწვავე შემთხვევაა, მათ დუშეთის ჰოსპიტალში ვაგზავნი, ანალიზებიც იქიდან მოაქვთ და ისტორიაში ყველაფერს ვდებ, რომ დაავადების დინამიკა ვიცოდე.
გარდა ამისა, კარგი იქნება და უნდა მქონდეს კარდიოგრაფი, რომ შემეძლოს კარდგიოგრამის ადგილზე გაკეთება. მაქვს წნევის აპარატი. მქონდა ექოსკოპიის აპარატი, რომელიც მაჩუქეს, ვაკეთებდი ულტრაბგერით კვლევებს ყველა ორგანოზე, მაგრამ გადაიწვა, რადგან მეორადი იყო. ექოსკოპისტთან ხელშეკრულება გავაუქმე, რადგან აპარატი აღარ მაქვს.
ყოველ წელს, ერთჯერადად ექიმების სხვადასხვა ჯგუფები ჩამომყავს, აპარატურაც თვითონ ჩამოაქვთ. ისინი ყველანაირ გამოკვლევებს ატარებენ“.
ბარისახოს ამბულატორიის ექიმების, ექთნების ცხოვრების ყოველდღიური წესია, ადგილობრივებთან ბინაზე მივიდნენ და საჭიროების შემთხვევაში პაციენტს მოემსახურონ. თუმცა, არის ერთი პრობლემა, მათ არ ჰყავთ მანქანა. ლელა გაბურმა, როცა მას საკუთარი მანქანა ჰყავდა, ბენზინის ფულის ანაზღაურების თხოვნით მუნიციპალიტეტს მიმართა, მაგრამ ისინი ამ თხოვნას მხოლოდ ღიმილით შეხვდნენ.
ლელა გაბური: „გამოძახება ძალიან ბევრია. ამინდის გამო გადაადგილების პრობლემა აქვთ, ვერ გამოდიან ამბულატორიამდე. ექთანი მიდის ბინაზე. მოსახლეობა ზამთრის პერიოდში ძირითადად კორშაში და ბარისახოში რჩება. აქ ტელეფონი კარგად მუშაობს. ძირითადად თვითონ გვირეკავენ თუ რამე პრობლემაა. ექთანი შემოვლას აკეთებს. ძალიან ხშირად არის მანიპულაციები - ნემსის გაკეთება, წამლის მიტანა.
საერთოდ მანქანა ძალიან მჭირდება. სანამ ბარისახოში ამოვიდოდი და მუშაობას შევუდგებოდი, ვიცოდი რომ დამჭირდებოდა მანქანა, თუნდაც ნივა. ერთი მანქანა მაინც რომ ჰყოლოდა სამედიცინო სამსახურს, რომელიც სასწრაფოს ფუნქციასაც შეასრულებდა. ეს საკითხი დავსვი. ჩემი მანქანით სარგებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტს ბენზინის აუცილებლობაზე მივმართე, სადაც რატომღაც გაეღიმათ.
ბენზინი და მანქანა შეიძლება ვთქვათ თბილისში მომუშავე ექიმისთვის არ იყოს ისეთი პირველადი... აქამდე ჩემი მანქანა მყავდა, ისიც გავყიდე. ეს იყო ძალიან აუცილებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობის, იმ რეგიონიდან გამომდინარე, სადაც ვცხოვრობთ. პაციენტების პრობლემები აქტიურად რომ მოვაგვარო, კვირაში 2-ჯერ მაინც გადაადგილება მჭირდება. ამბულატორიას აუცილებლად სჭირდება მანქანა, მაგრამ ამას იმდენად არასერიოზულად შეხედეს, რომ მას შემდეგ ეს საკითხი აღარ დამისვამს. ძალიან მნიშვნელოვანია, გვყავდეს მანქანა და გვქონდეს ბენზინი“.
როდესაც პაციენტს მძიმე მდგომარეობა აქვს, ბარისახოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება დუშეთიდან უწევთ. ეს კი დიდ დროს მოითხოვს.
ლელა გაბური: „ჩვენი მოსახლეობა წლებია აქტიურობს, რომ ადგილზე იყოს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ტექნიკურად გამართული მანქანა, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში აქედან გადაიყვანს პაციენტს. სანამ ის სასწრაფო აქ ამოვა და უკან დაბრუნდება, ძალიან ბევრი დრო იკარგება. ეს ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობა ცოტაა, ეს იმდენად არ იგრძნობა, არ ყოფილა შემთხვევა, მაგრამ ერთხელ ხომ შეიძლება დადგეს ამის საჭიროება და ის ერთხელ ხომ შეიძლება იყოს საბედისწერო. იყო კომის შემთხვევა, ახალგაზრდა მამაკაცს დაემართა, სადღაც თოვლში დარჩა, აქედან ძალიან სწრაფად უნდა გვევლო, ძლივს ვიშოვეთ მანქანა... სასწრაფოს 2 საათი რომ დაელოდო.. 2 საათი აქეთ, 2 საათი იქით...დამთავრდა ყველაფერი“.
პირაქეთა ხევსურეთს ფრანგებმა სტომატოლოგიური კაბინეტისთვის საჭირო აღჭურვილობა აჩუქეს.
ლელა გაბური: „ახლა ამ ეტაპზე ერთ-ერთი საკითხი მაქვს მოსაგვარებელი. ჩამომიტანეს სტომატოლოგიური კაბინეტის აღჭურვილობა, მაგრამ ქველმოქმედი ჯგუფი, ვინც ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა, კონტაქტზე აღარ არის. იმისათვის, რომ ეს სტომატოლოგიური კაბინეტი ტექნიკურად იყოს გამართული, ფინანსური დახმარება მჭირდება. სპეციფიური აპარატია, რომელსაც ყველა ხელოსანი ვერ გამართავს. ამის მხოლოდ სამი სპეციალისტია თბილისში. დიდი დრო და შრომა დამჭირდა, რომ ხელოსანი ჩამოსულიყო და გაეგო კონკრეტულად რა პრობლემებია. მან ჩამოწერა პრობლემები. ახლა კალკულაციას გავაკეთებ, რა თანხებია საჭირო.“
პარლამენტმა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების“ შესახებ კანონი მიიღო. კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირებისთვის გარკვეული სოციალური შეღავათები ამოქმედდა. ექიმები, პედაგოგები დანამატებით სარგებლობენ. თუმცა, როგორც ლელა გაბური ამბობს, ხევსურეთში მოსახლეობას ისე უჭირს, რომ ეს დახმარება მათთვის ძალიან მიზერულია.
ლელა გაბური: „მხოლოდ ერთი წელია, რაც სტატუსი მივიღეთ. ალბათ გამოჩნდება კონკრეტულად ეს დანამატი ადამიანებზე აისახება თუ არა.
288 ლარი მერიცხება მე და კიდევ უფრო ნაკლები ექთნებს, დახმარების ეს ოდენობა, ჩემი, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლის აზრით, არის ძალიან ცოტა.
მაგრამ, გარდა ამისა, აქ კიდევ რაღაცეები იგეგმება, კეთდება, გზა დაიგო. ვერ ვიტყვი, რომ ყურადღება არ გამოიჩინეს, მაგრამ ეს ძალიან მცირე და არასაკმარისია.
ჩვენ ძალიან მცირე დაფინანსება გვქოდა და შეუძლებელი იყო რამის გაკეთება. სტატუსის მიღებამდე, ჯანდაცვის სამინისტროს წერილით მივმართე და ჩემი დაფინანსება გაიზარდა. ესეც არ არის ბევრი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა 400 ლარი აქვს ექთანს და 1200 ლარი მაქვს მე. ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩვენი ბიუჯეტი გაუმჯობესდა, მთის კანონმა ბევრი ვერაფერი შეცვალა, ძალიან ცოტა თანხაა.
აქ მოსახლეობას ისე უჭირს, რომ 80, 100 და 300 ლარი არაფერია. ყველა ინდივიდუალურად უნდა იქნას შესწავლილი. წინა პერიოდებში, ვინც აქ ნამდვილად ცხოვრობდა, ჰყავდა შვილები და იყო შანსი, რომ ნამდვილად რჩებოდნენ, სახლებს უშენებდნენ, მეურნეობას უუმჯობესებდნენ.
აქ „აწარმოე საქართველოში“ პროექტი მუშაობს და ისეთი კანონია შიგნით, რომ რემონტისთვის არაფერს მოგცემენ, აშენებისთვის არაფერს მოგცემენ. ეს დახმარება ძალიან მიზერულია და რადიკალურად არაფერს შეცვლის“
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების“ შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ, დაბადებული პირველი და მეორე ბავშვებისთვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის, 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად არანაკლებ 200 ლარი.... ლელა გაბურის თქმით, ხევსურეთში შობადობა არ გაზრდილა.
ლელა გაბური: „შობადობა არ გაზრდილა. ყოველწლიურად შეიძლება 1 ან 2 ბავშვი დაიბადოს. პროცენტულად, გარდაცვალება უფრო მეტია, ვიდრე შობადობა“.
ფოტოს ავტორი: გოგა ჩანადირი