გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავში, დარიშხანის შემცველი ნარჩენების განთავსების ტერიტორიაზე პირველადი დაცვითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, წლის დასაწყისში, ცანასა და ურავში დავიწყეთ დარიშხანის შემცველი მადნის გადამუშავების ნარჩენების განთავსების ადგილის მოწესრიგება. ძალიან სწრაფად იქნა გადაწყვეტილება მიღებული და დაიწყო ამ ტერიტორიების შემოღობვის პროცესი. ცანაში ეს სამუშაოები უკვე დასრულებულია, ახლა მიმდინარეობს ურავში და ძალიან მალე აქაც დასრულდება. პარალელურად, ცანას საიტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე და სამარხის პროექტზე, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება და წარედგინება შესაბამის სამსახურებს განსახილველად. ვფიქრობ, რომ ამ სამარხის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას მომავალი წლის გაზაფხულზე უკვე შევძლებთ. სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია, ამიტომ მშენებლობას დრო დასჭირდება. საბოლოოდ, ამ პროექტის განხორციელებით, აღნიშნულ ტერიტორიებზე მოხდება არსებული პრობლემის სრულად გადაწყვეტა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის განცხადებით, ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, ათეული წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა სამთო-ქიმიური კომბინატი, რომელმაც, გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ფუნქციონირება შეწყვიტა. შედეგად, როგორც ყოფილი კომბინატი, ასევე მთლიანი ინფრასტრუქტურა განადგურდა და ტერიტორიები დარიშხანშემცველი ნარჩენებით დაბინძურდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ხდება აღნიშნული ტერიტორიების შემოკავება. პროცესი უკვე დასრულებულია სვანეთში, სოფელ ცანაში, ამ კუთხით სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ურავში. ამ ტერიტორიების შემოღობვა და მოსახლეობისგან იზოლირება მნიშვნელოვანია სოფლის მაცხოვრებლების უსაფრთხოებისათვის“, - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ამბროლაურის და ლენტეხის რაიონებში არსებული დარიშხანშემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების სისტემური მართვის ღონისძიების განხორციელება მიმდინარეობს. დარიშხანით დაბინძურებული ტერიტორიების შემოღობვითი სამუშაოების გარდა, დაგეგმილია დარიშხანის შემცველი ნარჩენებისა და შენობა-ნაგებობების სამშენებლო ნარჩენების შეგროვება, დაბინძურებული ნიადაგის მოხსნა და სპეციალურად მოწყობილ სამარხში განთავსება.
სოფელ ურავში არსებული დარიშხანის შემცველი ნარჩენების განთავსების ტერიტორიაზე პირველადი დაცვითი ღონისძიებების მიმდინარეობას მინისტრთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ბირთული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი ხატია ჯიქურიძე გაცენო.