გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთში მოქმედ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ თხილის შემნახველ საწარმო მოინახულა, სადაც ერთდროულად 1,000 ტონამდე თხილის შენახვაა შესაძლებელი.
კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტის ბენეფიციარია.
მოგვიანებით ხელისუფლების წარმომადგენლები
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ გუთურში, ფერმერის ლევან კაპანაძის პლანტაციაში თხილის კრეფის პროცესს
დაესწრნენ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ფერმერების მხარდაჭერის პროგრამამ შედეგი გამოიღო და თხილის მოსავალი შარშანდელთან შედარებით წელს გაცილებით მაღალია და ხარისხიანი.
,,ჩვენი მიზანია, ფერმერებისგან მივიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია, თუ როგორი მოსავალი აქვთ და როგორია თხილის ხარისხი. ასევე როგორ იმუშავა იმ პროგრამამ, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ. მოგეხსენებათ, შარშან თხილის მოსავალი დაბალი იყო და ხარისხიც არ იყო დამაკმაყოფილებელი. აქედან გამომდინარე, სექტორთან ერთად ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეგილება, მიზნობრივად სწორედ თხილის მოვლის საშუალებებით დავხმარებოდით ფერმერებს. ერთ ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით მხარდაჭერა გავუწიეთ იმ ფერმერებს, რომლებსაც არაუმეტეს 3 ჰექტარის ოდენობით ბაღი აქვთ. ჩვენ ვხედავთ, ვინც ისარგებლა ამ მხარდაჭერით, აქვს კარგი, ხარისხიანი მოსავალი, ვიდრე ჰქონდა შარშან."- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.