აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მახვილაურის ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური კვლევების შედეგად გამოვლინდა ძვ. წ. V საუკუნით დათარიღებული ოქროს საყურე ნახევარმთვარისებური საკიდით, რომლის შემკობაში გამოყენებულია ფილიგრანისა და ცვარას (გრანულაციის) ტექნიკა.
არქეოლოგიური სამუშაოები ამ ეტაპზე ორ უბანზე მიმდინარეობს:
პირველი უბანი მოიცავს ნეოლითური ხანის ნამოსახლარისა და რკინის ხანის სამაროვნის ტერიტორიას. აქ გამოვლენილია ნეოლითური ხანის არტეფაქტები — რიყის ქვის საწაფები, კაჟისა და ობსიდიანის იარაღები და ანატკეცები, ასევე კერამიკის ფრაგმენტები.

მეორე უბანზე კვლევა მიმდინარეობს ანტიკური ხანის სამაროვნის ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე მიკვლეულია ორი სამარხი, რომელთა სამარხეული ინვენტარის მიხედვით ისინი ძვ. წ. V საუკუნით თარიღდება.
სამარხების პრეპარაციის შედეგად, ოქროს საყურესთან ერთად, აღმოჩნდა ოვალური რგოლებისგან შედგენილი ბრინჯაოს ყელსაბამი, ნუმიზმატიკური მასალა და თიხის ჭურჭელი.

მახვილაურის ტერიტორიაზე სხვადასხვა ქრონოლოგიური პერიოდის კერამიკის, ქვისა და ლითონის ნივთებისა და სხვა არტეფაქტების გამოვლენა და შესწავლა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ძეგლის ისტორიულ-კულტურული განვითარების, მატერიალური კულტურისა და დაკრძალვის წესების შესახებ და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მახვილაურის მნიშვნელობას აჭარისა და სამხრეთ-დასავლეთ კოლხეთის ისტორიულ-არქეოლოგიურ სივრცეში.
ექსპედიციის ხელმძღვანელი: არქეოლოგი ნარგიზ სურმანიძე- ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.









