აჭარის მაღალმთიან ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში სპორტული დარბაზის მშენებლობა უკვე დასრულდა. ორსართულიან შენობაში მოეწყო 120 მაყურებელზე გათვლილი სავარჯიშო და საშეჯიბრებო დარბაზები, რომლის იატაკი გაკეთდა ხმის ჩამხშობი და ვიბრაციის საიზოლაციო მასალით.
ობიექტი სრულად აღიჭურვა სპორტული და სავარჯიშო ინვენტარით. გაკეთდა სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, ასევე გასახდელები და საშხაპეები, სამედიცინო კაბინეტი და მწვრთნელების ოთახი.
ობიექტს აქვს ავტოსადგომი და მოსასვენებელი სივრცე. შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე.
ღორჯომის თემი ზღვის დონიდან 1500მ-ზე მდებარეობს და აქაურები აქტიურად არიან დაკავებული სპორტით. დარბაზით სარგებლობა რამდენიმე ახლომდებარე სოფლის ახალგაზრდას შეეძლება.
ღორჯომის სპორტული დარბაზის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო. მშენებლობაზე პერიოდულად დასაქმებული იყო 20-მდე ადგილობრივი. ხანგრძლივი ზამთრის და კლიმატური პირობების გამო სამუშაოები რამდენჯერმე შეფერხდა.
ობიექტის მშენებლობა ,,შპს ალიგატორი -1“-მა აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დაკვეთით განახორციელა.